თეგი: თბილსერვის ჯგუფი

„თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს

შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება ახალ დირექტორს სამსახურის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების დაძლევაში დაეხმარება. „მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს „თბილსერვის ჯგუფს“. დავით ფაჩულია არის მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მქონე კადრი, რომელიც წლების განმავლობაში, კერძო სექტორში, სხვადასხვა ხელმძღვანელ და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. ის გახლავთ ბიზნესის მართვის მაგისტრი. განათლება აქვს მიღებული ტურიზმის მენეჯმენტისა და ეკონომიკის მიმართულებით და თვითონაც, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სასწავლებელში, წლების განმავლობაში, ტურიზმის სფეროში ლექციებს კითხულობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, დავით ფაჩულია 2020 წლიდან „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ, დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: თბილისში, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი, პრიორიტეტია ცენტრალური ქუჩები

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თბილისში, ამ ეტაპზე, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი, პრიორიტეტია ცენტრალური ქუჩები. „მეოთხე დღეა, რაც დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად თოვს. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24 საათი აწარმოებენ გაწმენდით სამუშაოებს. ამ ეტაპზე, 10 ტონა ტექნიკური მარილია დაყრილი. პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები, ცენტრალური ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. ყურადღებაა მიმართული, რომ შეუფერხებლად იმოძრაოს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, რა თქმა უნდა, გვრჩება მეორადი ქუჩები, ე.წ. ჩიხები, სადაც ჯერ ვერ მივალთ, მარილს ვერ ვყრით. ცხელი ხაზით შემოდის ინფორმაცია და თუ სადმე არის შეფერხება, რეაგირება გვაქვს. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დედაქალაქში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე. გაწმენდით სამუშაოებს ართულებს ღამის საათებში დაბალი ტემპერატურა, ყინვებია. დილით ადრიანად ვიწყებთ გაწმენდას, თუმცა, მაინც გვაქვს შეფერხება მაღლობებზე და მეორად ქუჩებზე“, - აღნიშნავს დავით ფაჩულია. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა.    

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში

30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში,- ამის შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ფაჩულიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, “თბილსერვის ჯგუფის“ დაახლოებით 350 თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ეწევა გზის გაწმენდით სამუშაოებს. „მეოთხე დღეა, რაც დედაქალაქის მასშტაბით უწყვეტი თოვა მიმდინარეობს. ყინავს, რაც გზების მოლიპვას იწვევს. “თბილსერვის ჯგუფის“ დაახლოებით 350 თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ეწევა გზის გაწმენდით სამუშაოებს. სამუშაოები მიმდინარეობს არამარტო ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ბორდიურებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე, კიბეებსა და გაჩერებებზე. ჯამში, ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი იყო დაყრილი. 30 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული გზის გაწმენდით სამუშაოებში. პრიორიტეტია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება.ცხელი ხაზის მიერ მოწოდებული არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ რჩება“, - აღნიშნავს ფაჩულია.